ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გამო უკრაინის დელეგაცია საშემოდგომო სესიას არ დაესწრება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გამო უკრაინის დელეგაცია საშემოდგომო სესიას არ დაესწრება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის უმაღლესი რადას დელეგაცია საშემოდგომო სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. დელეგაციის ოფიციალური განცხადება მისმა ხელმძღვანელმა ელიზავეტა იასკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა. ამგვარად, უკრაინელი დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას აპროტესტებენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 30 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბერს დასრულდება.

უკრაინის დელეგაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში დელეგატები კონსულტაციებს გამართავენ ასამბლეაში პარტნიორებთან, რათა განსაზღვრონ საერთო მიდგომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ორგანიზაციას რეპუტაციის დაბრუნებაში დაეხმარებოდა.

ამასთან, უკრაინის დელეგაცია უერთდება პარტნიორი ქვეყნების დელეგაციებს, რომლებმაც უარი თქვეს ევროსაბჭოს დაარსების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობაზე ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნების გამო.