ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს გადაწყვეტს, მოუხსნის თუ არა რუსეთს სანქციებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს გადაწყვეტს, მოუხსნის თუ არა რუსეთს სანქციებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, მოუხსნის თუ არა რუსეთს სანქციებს.  როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასამბლეის წევრები რეგლამენტში ცვლილებების შესატანად ემზადებიან, რაც საშუალებას მისცემს რუსეთის დელეგაციას, ხმის უფლება დაიბრუნოს და უკვე იანვრიდან სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ჩაერთოს ასამბლეის მუშაობაში.

შესაბამის დოკუმენტს დღეს უნდა უყარონ კენჭი. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შედეგი შესაძლოა, სენსაციური აღმოჩნდეს. ამასთან, თავად დოკუმენტში, რომელსაც ასამბლეის წევრები განიხილავენ და შემდეგ უყრიან კენჭს, რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები, თუმცა ჟურნალისტების ცნობით, დეპუტატებისთვის რეგლამენტის ცვლილების მთავრი მიზანი ისედაც ნათელია.

აღნიშნული დოკუმენტის მომზადებას წინ უძღოდა ხმაურიანი სკანდალები და კულუარული მოლაპარაკებები.

„უკრაინსკაია პრავდამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროსაბჭოს ასამბლეის პროცედურულმა კომიტეტმა ინიცირებულ რეზოლუციაში ცვლილებები შეიტანა, რაც რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას შეუძლებელს ხდის. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მაინც პლენარულ სესიაზე უნდა მიიღონ.

შეგახსენებთ, რუსეთს ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება 2014 წლის აპრილში ჩამოართვეს. ამის მიზეზად რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია დასახელდა. შესაბამისი რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა, რის შემდეგაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რამდენჯერმე გაახანგრძლივა.