ევროსაბჭოს კვლევის თანახმად, საქართველოში დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია
ევროსაბჭოს კვლევის თანახმად, საქართველოში დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია

ევროპის საბჭომ წარმოადგინა კვლევა, რომელიც პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კვლევა ევროსაბჭოს დაკვეთით კვლევითმა ორგანიზაცია CRRC-მ 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში ჩაატარა.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა იცის, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან სიძულვილის ენის მსხვერპლს შეუძლია, მიმართოს პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს.

„კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გამოკითხულთა ყველაზე მეტი (62%) ნდობას პოლიციას უცხადებს. კვლევით ასევე დგინდება, რომ სიძულვილის ენის ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა ყველაზე დიდი ნაწილი (49%) სწორედ პოლიციას მიმართავდა.

ევროსაბჭოს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხადებს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს.