ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართა
ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია ეწვია.

ევროსაბჭოს წარმომადგენლები – მიხაილ ანგელოპულოსი (საბერძნეთიდან) და სტიუარტ დიქსონი (დიდი ბრიტანეთიდან) და ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი ნიკოლაოს კომნინოს ხლეპასი გენერალური აუდიტორის მოადგილეს, ეკა ღაზაძეს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, კახა კირტავას და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი მამრიკიშვილს შეხვდნენ.

ევროსაბჭოს დელეგაციის მიზანია მოამზადოს ანგარიში ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების განხორციელება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო მიმართულებებზე აუდიტის დასკვნები გააცნეს, ასევე წარუდგინეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტის ანგარიშები და რეკომენდაციები.

მიღებული ინფორმაცია ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციას დაეხმარება მიიღოს მრავალმხრივი და ობიექტური ინფორმაცია მათთვის აქტუალურ თემებზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დასრულების შემდგომ, ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობაზე ანგარიშსა და რეკომენდაციათა პაკეტს მოამზადებს, რომელსაც ევროსაბჭოს კონგრესი მორიგ სესიაზე დაამტკიცებს.

საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიას 2004 წელს შეუერთდა. ბოლო ანგარიში ევროსაბჭოს მომხსენებლებმა ქარტიის პირობების შესრულების შესახებ 2013 წელს მოამზადეს.