ევროსაბჭოს ანგარიში - ევროპაში ჟურნალისტებს სულ უფრო ხშირად უქმნიან ბარიერებს
ევროსაბჭოს ანგარიში - ევროპაში ჟურნალისტებს სულ უფრო ხშირად უქმნიან ბარიერებს

ევროპაში პრესის თავისუფლება დღეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მყიფე მდგომარებაშია. ამის შესახებ ევროსაბჭოსა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, ევროპაში მომუშავე ჟურნალისტებს სულ უფრო ხშრად უქმნიან ბარიერებს, მტრულად ექცევიან და რეპორტიორების მიმართ ხშირია ძალადობაც.

ანგარიშის ავტორები, რომელთა შორის არის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია, მოუწოდებენ 32 სახელმწიფოს ხელისუფლებას „სასწრაფო ზომები მიიღონ“, რათა მედიას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს აღრიცხულია 140-ზე მეტი სერიოზული ინციდენტი, რომელიც ჟურნალისტებთან იყო დაკავშირებული. ევროსაბჭოს წევრ ორ სახელმწიფოში შარშან ჟურნალისტები მოკლეს. ესენია სლოვაკეთი და თურქეთი.

ანგარიშში მოხვდა 29 შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს სერიოზული საფრთხე დაემუქრათ. მათ შორისაა რეპორტიორის სახლთან დანაღმული ავტომობილის აფეთქება, ჟურნალისტის სახლში განზრახ გაჩენილი ხანძარი, თავდასხმა ცივი იარაღით და ასე შემდეგ.

2018 წელს გაიზარდა ჟურნალისტების მიმართ მუქარის შემთხვევების რაოდენობაც. ამ მაჩვენებლით განსაკუთრებით რთული მდგომარეობა უფლებადამცველების შეფასებით შარშან იტალიაში იყო. დოკუმენტში მოხვდა უნგრეთიც. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, უნგრეთში „მედიასაშუალებების უმრავლესობას ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქები აკონტროლებენ“.

დოკუმენტში ნახსენებია რუსეთიც, სადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები დააფიქსირეს და ასევე თურქეთი, სადაც ათეულობით ჟურნალისტია დაპატიმრებული.