„ევროპულმა საქართველომ“ თელავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა
„ევროპულმა საქართველომ“ თელავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თელავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა.

დავით ბაქრაძის თქმით, მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

„31 ოქტომბრის არჩევნები, ეს არის თითოეული ჩვენგანის შანსი, მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში, რადგან გაგრძელება დღევანდელი ცხოვრების, გაგრძელება უმუშევრობის, სიღარიბის, ყოველდღიურად მზარდი ფასების, იმ უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის, ამ ყველაფრის გაგრძელება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს უბრალოდ არ ექნება მომავალი.

ამიტომ, 31 ოქტომბერი ეს არის გარდამტეხი ცვლილებების დღე, იმ ცვლილებების, რომელმაც უნდა შეცვალოს გაჭირვება და სიღარიბე, უპერსპექტივობა და უიმედობა და უნდა შეცვალოს ის, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც კარგად ცხოვრობს მთავრობა და ცუდად ცხოვრობს ხალხი. გარდამტეხი ცვლილება გახლავთ სწორედ ის, რომ მთავრობა ემსახურებოდეს ხალხს, რათა შეიქმნას დასაქმება, სამუშაო ადგილები, გაიზარდოს და გაორმაგდეს პენსია და სოციალური დახმარებები, რათა ადამიანები ცხოვრობდნენ უკეთ და მთავრობამ მოიკლოს საკუთარი კეთილდღეობა და ხალხი იყოს უკეთ.

ეს არის ჩვენი შანსი, ჩვენი წყალგამყოფი. ან ყველა ერთად შევცვლით ცხოვრებას, ვიცხოვრებთ უკეთესად და გვექნება მომავალი, ან გაგრძელდება სიღარიბე, უპერსპექტივობა და უიმედობა და ეს ყველაფერი ჩამოშლის ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც თელავს, ისე მთელს საქართველოს.

„დღეს თელავში, ჩვენს მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვით, 31 ოქტომბერს ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება, ხალხს აინტერესებს რას იზამს ის კოალიციური მთავრობა, რომლის საყრდენი და ხერხემალი იქნება „ევროპული საქართველო“.

ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ფასების სტაბილურობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ლარის გამყარებას მოიტანს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც აუცილებლად იქნება შედეგი იმ ეკონომიკური პროგრამის შედეგად, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს შემუშავებული. ეს იქნება მიმართული კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობაზე, იმაზე, რომ ამოისუნთქოს ქვეყანამაც და ადამიანებმაც“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.