„ევროპულმა საქართველომ“ რუსთავის საკრებულოში შესვლის გამო ორი დეპუტატი პარტიიდან გარიცხა
„ევროპულმა საქართველომ“ რუსთავის საკრებულოში შესვლის გამო ორი დეპუტატი პარტიიდან გარიცხა

„ევროპულმა საქართველომ“ პროპორციული სიით რუსთავის საკრებულოში შესული ორი დეპუტატი – მამუკა აბულაძე და კობა ლომიძე პარტიიდან გარიცხა. პარტიაში აცხადებენ, რომ ფორმალურად, ისინი უნდა შესულიყვნენ საკრებულოში, დასწრებოდნენ პირველ სხდომას და შემდეგ დაეტოვებინათ საკრებულო, ხოლო მათ პარტიის ის წევრები ჩაანაცვლებდნენ, რომლებმაც საკუთარ ოლქებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. ესენი არიან: გიორგი კოკილაშვილისა და ვახტანგ ქებაძე.

„ეს იყო სიტყვიერი შეთანხმება და სიტყვიერი შეთანხმებაც შეთანხმებაა. უბრალოდ, ფორმალობაა, რომ პირველ სხდომას ესწრებიან ნომერაციით გასული წევრები, ხოლო შემდეგ ტოვებენ საკრებულოს და მათ ნაცვლად შედის ის ვინც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ასე იყო ყველა დიდ ქალაქში, სამწუხაროდ, ეს შეთანხმება მარტო რუსთავმა დაარღვია. ჩვენ ვცდილობდით, რომ დაგვერწმუნებინა ეს ორი ადამიანი და დაეწერათ განცხადებებები, თუმცა სამწუხაროდ, არ შეასრულეს. მოლაპარაკებების ყველა რესურსი ამოვწურეთ. ეს ადამიანები უკვე გაირიცხნენ პარტიიდან“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ნინო იმედაშვილმა.

პარტიიდან გარიცხული საკრებულოს წევრი მამუკა აბულაძე აცხადებს, რომ მსგავსი შეთანხმების შესახებ მან არაფერი იცოდა.

„ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მე, პირადად, არანაირი შეთანხმების შესახებ არ ვიცოდი. საუბრობდნენ რაღაც ფორმულაზე, ამ ფორმულის შესახებ კი არავინ არაფერი იცის“, – განაცხადა მამუკა აბულაძემ.