„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში მოსახლეობასთან შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა
„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში მოსახლეობასთან შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებთან, აკაკი ბობოხიძესთან, გიგი წერეთელთან და სერგო რატიანთან ერთად ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, მოსახლეობასთან შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ ქუთაისის პარლამენტის შენობაა იმის სიმბოლო, თუ როგორ მიატოვა პროექტები, გააჩერა ქვეყანა და შეაჩერა განვითარება ივანიშვილის ხელისუფლებამ.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერი იქნება გარდამტეხი ცვლილებების დღე და ამ ცვლილებებს მოიტანს სწორედ „ევროპული საქართველოს“ კომპეტენტური გუნდი.

„მოგესალმებით ქუთაისში, იმერეთში, ამ შენობის ფონზე, რომელიც არის გაჩერებული საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო, მიტოვებული პროექტების, შეჩერებული განვითარების, იმ უიმედობის, უპერსპექტივობის, უმომავლობის, ჭაობის, რომელშიც ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა საქართველო. ჩვენი დღევანდელი შეკრების ამოცანა გახლავთ სწორედ ეს, წერტილი დავუსვათ უიმედობას, უპერსპექტივობას, გაჭირვებასა და სიღარიბეს და ყველამ ერთად განვაახლოთ ქვეყნის შენება და წავიყვანოთ საქართველო წინ.

დიახ, 31 ოქტომბერი არის სწორედ დღე, როდესაც ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, როგორი გვინდა, რომ იყოს ჩვენი ქვეყანა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რადგან ყველას კარგად გვესმის, ის პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში დაგროვდა.

პრობლემების მოგვარებას სჭირდება გუნდი და „ევროპული საქართველო“ არის სწორედ ის გუნდი, რომელსაც თავისი ხედვით, შემადგენლობითა და კომპეტენციით შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ქვეყნის წინ წაყვანა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დატოვე კომენტარი