„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, მარნეულში მერის შუალედურ არჩევნებში პარტიის კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი წარადგინა. ბაქრაძემ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და წარმატებები უსურვა.

„წინსვლას, წარმატებას სჭირდება ბრძოლა, ცვლილებები და სჭირდება დღევანდელი ხელისუფლების სახლში გაშვება, რადგან ყველა ვხედავთ დღეს, რა ხდება მარნეულში და მთელ დანარჩენ საქართველოშიც,“ – აცხადებს ბაქრაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ ესმის ხალხის პრობლემები, გაჭირვება და ის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

„ამ ყველაფერს სჭირდება ცვლილება. ცვლილებების გზა „ევროპული საქართველოსთვის“ გადის პოლიტიკურ პროცესებზე, გადის არჩევნებზე და გადის იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულად, მშვიდობიანად, არჩევნების გზით ყოველგვარი არეულობის გარეშე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, ახალი ხელისუფლების მოსვლა, ქვეყნის წინ წაყვანა და ხალხის პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომ, თითოეული არჩევნები უნდა გამოვიყენოთ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თითოეული არჩევნები არის შანსი, გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესი და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ შუალედური არჩევნები. ამისთვის, ჩვენ გვყავს მარნეულში კანდიდატი, რომელიც რეალურად იბრძოლებს გამარჯვებისთვის და იბრძოლებს იმისთვის, რომ მარნეულში ცხოვრება იყოს უკეთესი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თავად აჰმედ იმამყულიევმაც გააკეთა განაცხადა და აღნიშნა, რომ მარნეულში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არაფერი გაკეთებულა.

„ქართული ოცნება აუცილებლად უნდა დამარცხდეს არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში, სადაც იქნება შუალედური არჩევნები და მარნეულელები ვიქნებით პირველები, ვინც დაამარცხებს დღევანდელ ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში,“ – აღნიშნა იმამყულიევმა.

განცხადება გააკეთა პარლამენტში, მთაწმინდის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, რომელმაც მოსახლეობას მარნეულში, შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატად აკმამედ იმამყულიევის წარდგენა მიულოცა. მან იმამყულიევს ღირსეული და პროგრესული ადამიანი უწოდა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.