„ევროპულმა საქართველომ“ გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული მასალები სუს-ს მიაწოდა
„ევროპულმა საქართველომ“ გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული მასალები სუს-ს მიაწოდა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებით მასალები მიიტანა.

კიკნაველიძის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პასუხი უნდა აგოს იმ დარღვევებზე, რაც, პარტიის ინფორმაციით, უწყებაში ვლინდება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივაწოდე მასალა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძის კორუფციულ საქმიანობას ეხება, კონკრეტულად – ერთ მიმართულებას, გზების დეპარტამენტს. უწყებაში ადამიანების ერთი ჯგუფი ერთი ხელით გასცემდა ტენდერებს კომპანიებზე, რომელსაც გზები უნდა დაეგოთ, მეორე ხელით კი – კომპანიებზე, რომელსაც ხარისხი უნდა შეემოწმებინათ. შემდგომ ამ კორუფციული სქემის წარმომადგენლები თავად დასაქმდნენ, როგორც დამგებ ისე შემმოწმებელ კომპანიაში. ეს არის კორუფცია. ბატონმა ალავიძემ უბრალოდ თანამდებობის დაკარგვით კი არ უნდა აგოს პასუხი, არანედ სისხლისსამართლებლივადაც.

იმედია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიჩენს სათანადო ინტერესს და გამოიძიებს ამ საქმეს“, -განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.