„ევროპულმა საქართველომ“ დიპლომატებს სამმანდატიანი საარჩევნო ოლქების შესახებ პარტიის ინიციატივა გააცნო
„ევროპულმა საქართველომ“ დიპლომატებს სამმანდატიანი საარჩევნო ოლქების შესახებ პარტიის ინიციატივა გააცნო

„ევროპული საქართველოს” ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა იყო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღებას გულისხმობს.

ოპოზიციონერების ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტი, საქართველოს 23 სამმანდატიან და ერთ ოთხმანდატიან ოლქებად დაყოფას ითვალისწინებს, რაც, მათი თქმით, მაჟორიტარული მანდატის მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებას გამორიცხავს.

„ყველა ჩვენი პარტნიორი საუბრობს იმაზე,რომ საქართველოს დემოკრატიისთვის მთავარი გამოწვევა გახლავთ ხელისუფლების მთლიანი კონცენტრაცია ერთი პარტიის ხელში, ამიტომ ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საპარლამენტო ადგილები პარტიებს შორის თანაბრად გადანაწილდეს, პარლამენტში იყოს უფრო ძლიერო ოპოზიცია და პარლამენტის შემადგენლობა მეტად ასახავდეს ხალხის აზრს იმ გზით, რომ არ მოხდეს პირველი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული მანდატის წაღება. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი და შეესაბამება ქართული დემოკრატიის გრძელვადიან ინტერესს და აქედან გამომდინარე, ელჩების მხრიდან იყო ძალიან დიდი ყურადღებაც, იყო მხარდაჭერაც, რაც იმედი მაქვს, ახლო მომავალში დაფიქსირდება და აისახება ჩვენი პარტნიორების პოზიციაში“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ამ ცვლილების განხორციელებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება და შესაძლებელია, მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანითაც ამოქმედდეს.

„ჩვენ განვიხილეთ საარჩევნო სისტემის შესაძლო მოდიფიკაციის საკითხი, წარმოდგენილი ინიციატივა საკმაოდ საინტერესოა და ვფიქრობ, იგი უნდა იქნას განხილული უმრავლესობასთან ერთადაც, რომ მეტი პლურალიზმის შესაძლებლობები შევქმნათ კონსტიტუციის ცვლილების გარეშე“, – განაცხადა იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

„ევროპული საქართველო“ გეგმავს, ინიციატივა სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს გააცნოს.