„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ახალციხის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის ოლქში, ზურაბ ჩილინგარაშვილი წარუდგინა.

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს როგორც ახალციხეში, ისე მთლიანად საქართველოში არის მძიმე სოციალური ფონი, ყოველდღიურად ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს, ხოლო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება სრულ უყურადღებობას იჩენს მოსახლეობის მიმართ.

ზურაბ ჩილინგარაშვილმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს ქართული საზოგადოება გაისტუმრებს სახლში და ამის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ გეგმა ქვეყანას მოუტანს მნიშვნელოვან, გარდამტეხ ცვლილებებს.

„ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ დაზიანდა საქართველო ეკონომიკური კრიზისისგან, როგორ დაზიანდა ქვეყანა იმ შეზღუდვებისაგან, რომელიც მთავრობამ შემოიღო გაზაფხულზე, არის სწორედ ახალციხე, გაჩერებული აქაურობა, დაცარიელებული რაბათი და ამიტომ ახალციხესაც, მთლიანად ამ საარჩევნო ოლქსაც და მთელ საქართველოსაც, აუცილებლად სჭირდება ცვლილებები, განვითარება და ამ ცვლილებების ერთადერთი შანსი გახლავთ 31 ოქტომბრის არჩევნების დღე.

ამიტომ, თუ გვინდა კრიზისიდან გამოსვლა, თუ გვინდა ეკონომიკის წინსვლა და განვითარება, თუ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა და ოჯახებმა უკეთ იცხოვრონ, უნდა გამოვიყენოთ 31 ოქტომბერი, რათა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები და „ევროპულ საქართველოს“ გააჩნია სწორედ ასეთი გარდამტეხი ცვლილებების პროგრამა, როგორ შევამციროთ გადასახადები, როგორ შევქმნათ ახალი 100 000 სამუშაო ადგილი, როგორ დავუზოგოთ თითოეულ ოჯახს 2000 ლარი, როგორ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრება ხალხს და როგორ შევცვალოთ ის მოცემულობა, რომ დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა და სინამდვილეში უნდა იყოს პირიქით. ეს უნდა იყოს ცვლილება და ამ ცვლილებების შანსია სწორედ 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დღეს როგორც ახალციხეში, ისე მთლიანად საქართველოში არის მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.

„ადამიანები არიან მძიმე გაჭირვებაში და კარდაკარ სიარულისას მე ყველა მეუბნება, რომ უკმაყოფილო არიან დღევანდელი მთავრობის არაკომპეტენტურობით, უუნარობით, უყურადღებობით და ელიან ცვლილებებს, გარდამტეხ ცვლილებებს.

დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ერთად გავისტუმრებთ სახლში და მოვუტანთ როგორც ამ ოლქს, ისე მთლიანად საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გარდამტეხი იქნება თითოეული მოქალაქისათვის და მოუტანს მათ კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.