ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას დაავალა, მოამზადოს წინადადებები უკრაინის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, რომელიც 70 მილიარდ ევროს შეადგენს
ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას დაავალა, მოამზადოს წინადადებები უკრაინის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, რომელიც 70 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევროსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გადაწყდეს უკრაინის დამატებითი დაფინანსების საჭიროებების საკითხი 2027 წლისთვის. ჩვენ ევროკომისიას ვთხოვეთ, წარმოადგინოს კონკრეტული წინადადება განსახილველად და დასამტკიცებლად“, – განაცხადა კოშტამ.
კოშტას განმარტებით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლას განაგრძობს. მისივე თქმით, ევროკავშირმა წლის განმავლობაში არსებული საჭიროებების დასაფარად საშუალებები უკვე განსაზღვრა და ახლა მისი შესრულება უნდა მოხდეს, რისთვისაც უკრაინამ რეფორმები უნდა გააგრძელოს.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი სესხიდან თითქმის 16 მილიარდი ევრო უკვე გადარიცხულია. მისივე თქმით, წლის ბოლომდე კიდევ 17 მილიარდის გადარიცხვაა შესაძლებელი, თუ უკრაინა საჭირო რეფორმებს შეასრულებს.
„ეს ომი ვიდრე გრძელდება, უკრაინის დაფინანსების საჭიროებები გაიზრდება. ამჟამად ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის გაწეული საგარეო დახმარების 80 პროცენტს უზრუნველყოფენ. სასწრაფოდ გვჭირდება, რომ სხვა პარტნიორებიც ჩაერთონ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.