ევროპულმა საბჭომ ენერგორესურსებზე მზარდი ფასების დასაძლევად სასარგებლო ზომები მიიღო
ევროპულმა საბჭომ ენერგორესურსებზე მზარდი ფასების დასაძლევად სასარგებლო ზომები მიიღო

ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც ენერგეტიკულ საკითხზეც არის საუბარი. ევროპულმა საბჭომ ყურადღება გაამახვილა ენერგორესურსებზე ფასების ბოლოდროინდელ მატებაზე და განიხილა ამ ზრდის გავლენა მოქალაქეებსა და ბიზნესზე, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომლებიც პოსტპანდემიურ პერიოდში იმყოფებიან.

შესაბამისად, ენერგორესურსებზე მზარდი ფასების დასაძლევად კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი მიდგომები შეიცავს სასარგებლო ზომებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ევროპული საბჭო იწვევს კომისიას, რათა შეისწავლოს გაზისა და ელექტროენერგიის ბაზრების ფუნქციონირება, ასევე ევროკავშირის „ემისიების სავაჭრო სისტემის“ ბაზრის მუშაობა ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანოს დახმარებით. აღნიშნულის შემდეგ კომისია შეაფასებს, მოითხოვს თუ არა გარკვეული სავაჭრო მოქმედებები შემდგომ დარეგულირებას;

წევრმა სახელმწიფოებმა და კომისიამ სასწრაფო რეჟიმში გამოიყენონ ე.წ. ზომების პაკეტი, რათა უზრუნველყონ მოკლევადიანი დახმარება ყველაზე დაუცველი მომხმარებლებისთვის და მხარი დაუჭირონ ევროპულ კომპანიებს, წევრ სახელმწიფოებში არსებული სიტუაციების მრავალფეროვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით;

კომისიამ და საბჭომ სწრაფ რეჟიმში განიხილონ საშუალო და გრძელვადიანი მისაღები ზომები, რომლებიც ხელს შუწყობენ ენერგოპროდუქტების მიღებას ოჯახებისთვის და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი ფასით, რაც გაზრდის ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემის გამძლეობას და შიდა ენერგეტიკულ ბაზარს, ასევე უზრუნველყოფს მიწოდებისა და მხარდაჭერის უსაფრთხოებას კლიმატურ ნეიტრალიტეტზე გადასვლით, წევრ სახელმწიფოებში არსებული სიტუაციების მრავალფეროვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით;

ევროპის საინვესტიციო ბანკმა შეისწავლოს, თუ როგორ დააჩქაროს ინვესტიციები ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში, მისი ამჟამინდელი კაპიტალის ფარგლებში, მომავალი შეფერხების რისკების შემცირებისა და ევროპის გლობალური კავშირის ამბიციების შესასრულებლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.