„ევროპული საქართველოს“ ორი წევრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ევროპული საქართველოს“ ორი წევრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გადაიდო.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები. სერგო რატიანის განცხადებით, პროცესი აჩვენებს, რომ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„ეს არის ეპიზოდი, როდესაც ევროპული საქართველოს კუთვნილი მანქანა, მისი წევრები გააჩერეს და შემდეგ სამართალდამცველებმა, ფაქტობრივად, გაიტაცეს მანქანა. ამის შემდეგ, იქით ადანაშაულებენ მათ, რომ სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდნენ. ჩვენ მოვისმინეთ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან პოლიციელები, რომელთაც ტყუილის თქმა უწევთ. მათ ავალებენ ტყუილების თქმას და ეს ჩანს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, არანაირი კამერების ჩანაწერები არ აქვთ, მაინც ითხოვენ ჩვენი წევრების დაკავებას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების სახეს და იმას, რომ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
პარტიის წევრების, კობა ზაქარეიშვილისა და ბესო შავაძის ადვოკატის განცხადებით, სხდომის გადადების მიზეზი საპატრულო პოლიციისთვის დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის დროის მიცემა გახდა. დავით ბარბაქაძის განცხადებით, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და იმედი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.
„სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ მოსამართლემ დავალება მისცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, რათა დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინონ. ეს არის უბრალოდ ბოლტის კომპიუტერის ვიდეო ჩანაწერი, რადგან პოლიციელების განცხადებით, მათ აღნიშნული მანქანის დევნა განახორციელეს. რის შემდეგადაც, მძღოლს მოსთხოვეს წარმოედგინა დოკუმენტები, მან არ წარმოადგინა მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და მხოლოდ ეს გახდა დაკავების მიზეზი. სხდომა გადაიდო 16 იანვარს. ნამდვილად არ არსებობს საქმეში არანაირი მტკიცებულება და აღნიშნული პიროვნებების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უნდა შეწყდეს. იმედი მაქვს, მოსამართლე ნამდვილად მიიღებს გადაწყვეტილებას რომ გაათავისუფლოს ისინი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა ადვოკატმა, დავით ბარბაქაძემ.
25 ნოემბერს სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ბესო შავაძე და პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც აქციის მონაწილეების გასათბობად გამზადებული შეშა და აქციისთვის საჭირო ატრიბუტები გადაჰქონდათ. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შემდეგი სასამართლო განხილვა 16 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.