„ევროპული საქართველოს“ ოფისში ოპოზიციის საარჩევნო შტაბის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
„ევროპული საქართველოს“ ოფისში ოპოზიციის საარჩევნო შტაბის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

„ევროპული საქართველოს“ ოფისში ოპოზიციის საარჩევნო შტაბის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ხმების დაცვის მექანიზმების შესახებ მსჯელობენ, რასაც შესაბამისი მემორანდუმი ითვალისწინებს.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას განცხადებით, „უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება, რომ დაიცვას ამომრჩევლის ხმები“.

„ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა ჯერ. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ტექნიკურ მექანიზმებზე. პირველი, რაც შემიძლია ცალსახად გითხრათ, შტაბს ექნება ცალკე ოფისი, უახლოეს დღეებში მოხდება პრეზენტაცია, სადაც იქნება განლაგებული ქოლცენტრი, ბრიფინგების სივრცე, მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სივრცე. ჩვენ ვამუშავებთ სისტემას, როგორ მოხდება ხმების დაცვა უბნებზე პარტიების წარმომადგენლების მიერ, რაც არის მნიშვნელოვანი. ახლა გავდივართ ამ ტექნიკურ მხარეებს, იგეგმება შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან და მიმდინარეობს კონსულტაციები. აგრეთვე, იქნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეს ყველაფერი მოხდება შტაბის ოფისში. შევიმუშავებთ სპეციალური გეგმა, როგორ მოხდება პარტიებს შორის კოორდინაცია და  კომუნიკაციების სისტემა, რომელიც სწრაფად მოახდენს რეაგირებას არჩევნების დღეს და შემდგომაც“, – განაცხადა დავითაიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „დღევანდელი შეხვედრა არის ნაწილი უპრეცედენტო ერთობისა, რომელსაც აფიქსირებს ოპოზიცია“.

„ეს კოორდინაცია უზრუნველყოფს, რომ ამ არჩევნებში ვერც ერთი ხმა ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიპაროს, ის ნაცადი ხრიკები და მექანიზმები, რასაც სხვა არჩევნებში იყენებდა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვერ გამოიყენოს. ქართველი ხალხის მოლოდინი არის სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა და არა, ივანიშვილის ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, მისი ტრიუკების გამოყენება არჩევნების მოსაპარად. ოპოზიციური ერთობით, ამ შტაბის ძალიან ეფექტური მუშაობით, ეფექტური მექანიზმების შექმნით, უზრუნველვყოფთ სწორედ ამას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.