„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ
„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს ის კონკრეტული გეგმა, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოსაყვანად.

„ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადავლახოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში 100 000 ახალი სამუშაო ადგილი, როგორ შევამციროთ გადასახადები და დავუზოგოთ ოჯახებს თანხა, როგორ დავეხმაროთ გაორმაგებული პენსიითა და სოციალური დახმარებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ეს არის გადაუდებელი ნაბიჯები იმ გარდამტეხი ცვლილებებისთვის, რაც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენ საზოგადოებას, ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებების გაზიარება მოხდა ბიზნესთან, ვინაიდან სწორედ ბიზნესია ის მამოძრავებელი ძალა, ვინც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, ვინც უნდა გადაარჩინოს ეკონომიკა, ვინც დღეს ძალიან მძიმე დღეშია საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტური და არაქმედითი მოქმედებების გამო. საინტერესო შეხვედრა და დისკუსია იყო და ჩვენი ამოცანაა, მუდმივად ვიყოთ კონტაქტში ბიზნესთან, რათა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი გეგმა და ხედვა გახლავთ სწორი გზა, გახლავთ სწორი და ფუნდამენტური ცვლილებების გზა და სწორედ ამ გზით გამოვიყვანთ ქვეყანას ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ამ ხელისუფლებამ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრეს იმ საკითხზე, როგორ უნდა მოხდეს „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, გარდამტეხი ცვლილებების გატარება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის, რომელიც მეწარმეებს, ხალხს, დასაქმებულებს, ყველას დაატყდა ივანიშვილის დამღუპველი პოლიტიკისა და პანდემიის გამო, მუდმივი ინტერაქცია გვქონდეს მეწარმეებთან იმ რადიკალურ ცვლილებებზე, რასაც ვაპირებთ „ევროპული საქართველო“ არჩევნებში ივანიშვილის მარცხის შემდეგ და ამ კურსის გამარჯვების შემდეგ. გვქონდა საუბარი, თუ როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ჩიხიდან და ამ გზავნილზე, ტვირთის შემცირება მათთვის, რის ხარჯზე, რომელი გადასახადის ხარჯზე, რათა ყველა ადამიანს საშუალოდ დარჩეს დოვლათი ჯიბეში, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდეთ ყველანი ერთად. ამ საკითხს ეძღვნებოდა ეს შეხვედრა, ძალიან სასარგებლო კითხვები და რჩევები მივიღეთ იმ მიმართულებით, რომლითაც „ევროპული საქართველო“ აპირებს ამ გარდამტეხი ცვლილებების გეგმის განხორციელებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი