„ევროპულმა საქართველომ" არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდა
„ევროპულმა საქართველომ" არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდა

„ევროპული საქართველოს” წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ოფისში გაიმართა.

პარტიის წევრების განცხადებით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტები არათანაბარ პირობებში არიან. გიორგი კანდელაკმა არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვიდეომასალაც წარუდგინა, სადაც მათი კანდიდატის სააგიტაციო მასალის ჩამოხევაა ასახული. მისი განცხადებით, აუდიტის სამსახური ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის ფინანსურ დარღვევებზე არ რეაგირებს, უწყებათაშორისი კომისია უმოქმედოა და არ ხდება დარღვევებისა და ძალადობის სათანადოდ გამოძიება.

„ევროპული საქართველოს” სახელით ჩვენ ვესაუბრეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმ მთავარ პრობლემებზე, რაც შექმნა „ქართულმა ოცნებამ” და მთავრობამ, რომელთაც ჩვენი კანდიდატი მაინც გადალახავს. ეს არის ბოლო კვირაში ისტერიის შექმნა არეულობის, გადატრიალებისა და მსგავსი სისულელეების. მთავრობის მხრიდან ეს არის ამომრჩევლის დაბნევისა და დაშინების მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება და ეს მიზნად ისახავს “ევროპული საქართველოსა” და ბაქრაძის, როგორც ყველაზე სახიფათო კანდიდატის, რომელსაც შეუძლია ადვილად დაამარცხოს მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი, ბოლო კვირის დისკურსიდან გამოდევნას. ჩვენი შეშფოთების საგანია, რომ არ რეაგირებს აუდიტის სამსახური თვალშისაცემ ფინანსურ დარღვევებზე, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.