„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკი ცესკო-ში დარეგისტრირდა
„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკი ცესკო-ში დარეგისტრირდა

„ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკი ოფიციალურად დარეგისტრირდა. შესაბამისი განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლებმა დღეს შეიტანეს.

მათი განცხადებით, ბლოკი კონკრეტულად მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნა, თუმცა პარტიები თანამშრომლობას 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებშიც გეგმავენ

„დღეს ოფიციალურად დავარეგისტრირეთ საარჩევნო ბლოკი “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“. ჩვენი ბლოკის კანდიდატი არის შალვა შავგულიძე. ენერგია დასაკარგი არ გვაქვს, უნდა გავიმარჯვოთ შუალედურ არჩევნებში და ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ არ გაუვა საკუთარი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის განხორციელება. უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში და ვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, რადგან ეს ხელისუფლება მშვიდობიანად გავუშვათ. ბლოკი შეიქმნა სწორედ შუალედური არჩევნებისთვის, მაგრამ ჩვენ ევროპელებთან თანამშრომლობას ვგეგმავთ მომავალშიც, სტრატეგიულ თანამშრომლობას ვაპირებთ 2020 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, დღევანდელი ერთობის მიზანია, რომ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ცდილობს, მიიტაცოს სასამართლო, ჩაგრავს ადამიანს და არ ზრუნავს მათზე, ეს სისტემა უნდა შეიცვალოს.

„ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენება უნდა დავიწყოთ. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, ეს არის ის ფასეულობები და პრინციპები, რის გარშემოც გავერთიანდით. პირველი ნაბიჯი ამ ერთობის გამარჯვების და ცვლილებების მოტანის იქნება სწორედ მთაწმინდის არჩევნები, სადაც გვეყოლება საერთო კანდიდატი, ვფიქრობ, ძალიან ღირსეული შალვა შავგულიძე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.