„ევროპული საქართველო“ შეწყალების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ შეწყალების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ თემაზე ბრიფინგი ოთარ კახიძემ და ირმა ნადირაშვილმა გამართეს.

ოთარ კახიძის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა მისივე თქმით, პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„28 აგვისტოს სკანდალური შეწყალებები განხორციელდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ. მათ შორის, შეიწყალეს მკვლელობაში და უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირები. შემდგომ, ევროპულ საქართველოს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა კორუფციული სქემა ყოფილიყო ამ შეწყალებების უკან, რაზეც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოვითხოვეთ. სამწუხაროდ, გენერალურ პროკურატურას დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული შეტყობინების გამოსაძიებლად. დღემდე გამოკითხული არ არის აქტზე ხელმომწერი პირი – საქართველოს პრეზიდენტი. ამავე დროს პროკურატურას არ მოუწოდებია არავითარი შუალედური ინფორმაცია პარლამენტისა და საზოგადოებისთვის, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება და რა მოქმედებები ხორციელდება. შესაბამისად, როგორც საზოგადოებას მანამდე დავპირდით, თუ არ იქნებოდა შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული პროკურატურის მხრიდან, მოვითხოვდით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. ვინაიდან ნამდვილად არ ხორციელდება ადეკვატური საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული დანაშაულის გამოსაძიებლად, ჩვენი გუნდი არეგისტრირებს პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც, ვითხოვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მიღებულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს ყველა გარემოებას, რაც წინ უძღოდა შეწყალებებს; იყო თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შეწყალებული პირების ოჯახებს შორის; იყო თუ არა კორუფციული სქემა აღნიშნულის უკან და რა კრიტერიუმებით შეარჩია
შეწყალებული პირები. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ დადგენილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც მოუწევთ იმ პასუხისმგებლობის აღება, რაც თან ახლდა ამ სკანდალურ შეწყალებას. მათ ისედაც აქვთ პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების გამო. თუ ამ დადგენილებას მხარს არ დაუჭერენ, მაშინ ისინი პირდაპირ გამოდიან ხელმომწერები იმ შეწყალების აქტებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს გამოსცა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ირმა ნადირაშვილის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი თვის თავზე ვერ მიიღეს შუალედური ინფორმაცია საქმის გამოძიების შესახებ.

„შესაბამისად, გადავწყვიტეთ, დაპირებისამებრ დავაყენოთ საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. გვინდა, ამ საკითხმა პარლამენტში გადმოინაცვლოს და პარლამენტის განხილვის საგანი იყოს შეწყალებები, რომლებმაც ამდენი ხმაური გამოიწვია. ჩვენი ეჭვი გამართლდა. თავის დროზე პროკურატურამ საქმე აღძრა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ხმაური ატყდა და მათ ფაქტების გამოძიება არ უნდათ. მათ ამ ხმაურისა და აურზაურის ჩახშობა უნდოდათ. სამწუხაროდ, ალბათ ეს მორიგი საქმეა, რომელზეც პროკურატურა ფიქრობს, რომ თაროზე დადებენ და წლების განმავლობაში გვეტყვიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ამის საშუალებას პროკურატურას და „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომისიის შექმნის შესახებ საკითხის დაყენება არ ნიშნავს კომისიის შექმნას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საკითხზე მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, პოლიტიკური ფასი მაღალი იქნება.

„განცხადებები, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნიდან გვესმოდა, რა ცუდად მოიქცა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ამ განცხადებებს საქმით გამყარება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მათი მხრიდან პოლიტიკური კეკლუცობა იქნება“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.