„ევროპული საქართველო“ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ სასამართლო სისტემის რეფორმირების მეოთხე ტალღის ფარგლებში რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებას ითხოვს.

როგორც დეპუტატმა ოთარ კახიძემ პარლამენტში, რეფორმის შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს უპირველესად ეხება მოსამართლის არჩევისას შეფასების დასაბუთებას.

„ქულების დაწერა ისე ხდება, რომ არანაირი დასაბუთება არ ხდება. მეორე პრობლემა გახლავთ ინდივიდუალური მოსამართლეების უფლებამოსილება, რომ მათ თავად აირჩიონ თავიანთი სასამართლოს თავმჯდომარე, არ დაუნიშნოს იუსტიციის საბჭომ და ამ გზით არ აკონტროლონ საქალაქო თუ სააპელაციო სასამართლოები. კიდევ ერთი საკითხი ეხება დისციპლინური სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადას. ვადა არის ხუთი წელი დარღვევის ჩადენიდან და ამავე დროს ამცირებენ სამ წლამდე. ეს არასწორად მიგვაჩნია, ვინაიდან იუსტიციის საბჭოს კონკრეტულ შემადგენლობას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, ხელი დააფაროს ამა თუ იმ მოსამართლეს, რომელიც თუნდაც კორუფციულ სამართალდარღვევაში არის შემჩნეული ან პოლიტიკური გავლენებით ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა კახიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი ეხება საკვალიფიკაციო გამოცდას.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ უნდა ჩაატაროს გამოცდა, რომლის შედეგებიც გახდა ცნობილი კონკურსანტებისთვის, გაჟონა ამ ინფორმაციამ და დღემდე გამოუძიებელია. ეს საბჭო არის სრულიად დისკრედიტებული ამ მიმართულებითაც. შესაბამისად, ვთვლით, რომ საბჭოდან სკოლას უნდა გადაეცეს ამ გამოცდის ორგანიზების უფლება. თუ მმართველი გუნდის მხრიდან არ მოხდება ყოველივე ამის გათვალისწინება, „ევროპული საქართველო“ ე.წ. მეოთხე ტალღის პაკეტს მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.