„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მანდატების მქონე დეპუტატების ხელფასებზე განცხადებას ავრცელებს
„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მანდატების მქონე დეპუტატების ხელფასებზე განცხადებას ავრცელებს

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მანდატების მქონე დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „ევროპული საქართველოს“ წევრებს, შალვა შავგულიძეს და არმაზ ახვლედიანს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტისთვის საკუთარი საბანკო რეკვიზიტები არ გაუგზავნიათ.

„იმის გამო, რომ ელენე ხოშტარია და დავით ბაქრაძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ, მათ ავტომატურად ჩაერიცხათ საპარლამენტო ხელფასი. ელენე ხოშტარიამ აღნიშნული თანხა უკან გადაუგზავნა სახელმწიფო ხაზინას, ხოლო დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ხელფასი წინასაახალწლო ქველმოქმედებაში ჩადო და გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პარტიაში განმარტავენ, რომ ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო ხელფასს გადაურიცხავს იმ აქტივისტებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.