„ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის დროს ფიზიკური და იურიდიული პირთათვის დაკისრებული სანქციების გაუქმებას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის დროს ფიზიკური და იურიდიული პირთათვის დაკისრებული სანქციების გაუქმებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის დროს ფიზიკური და იურიდიული პირთათვის დაკისრებული სანქციების გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტის ავტორი ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძეა. ცვლილებები „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 21 მარტს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ დადგენილ იყო არსებულ რეალობას აცდენილი და შეუსაბამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, ფიზიკურ პირთა მიმართ 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთათვის 15 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები.

„დეკრეტის შინაარსის გარდა, პრობლემას წარმოადგენს მისი აღსრულება. აღმოჩნდა, რომ სანქციების დაკისრების ნაწილში ხელისუფლებამ დეკრეტის მოქმედება გამოიყენა არასამართლიანად, რადგან მას ჰქონდა შერჩევითი ხასიათი. ჩვენი ინფორმაციით, დეკრეტის მოქმედების პერიოდში, ჯარიმის სახით ჯამში გამოწერილ იქნა 23 მლნ ლარზე მეტი ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა. გადახდის 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო საგანგებო მდგომარეობის დასრულების დღიდან.

მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მიღებული უნდა იყოს ამნისტიის კანონი, რომელიც დაჯარიმებულ პირებს გაათავისუფლებს დაკისრებული შეუსაბამო და უსამართლო ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან. ჩვენი ინფორმაციით, დაჯარიმებულია დაახლოებით 7,444 ფიზიკური (3000 ლარიანი ჯარიმით) და 18 იურიდიული პირი (15 000 ლარიანი ჯარიმით)“, – ნათქვამია პროექტში.