„ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს
„ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს

პარტია „ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ დავით ბაქრაძის განცხადებით, კენჭისყრაზე კანონპროექტს პარტიის 20 წევრის ხმა ექნება, რადგან ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

ამასთან, მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ბლოკების არარსებობისა და ნულოვანი ბარიერის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა აქვს. ოპოზიცია უმრავლესობას განხილვების პროცესის დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და შესაბამისად, მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი გამარჯვება, ეს არის იმ ახალგაზრდების ძალიან დიდი გამარჯვება, რომლებიც 21 დღეა აპროტესტებენ უსამართლობას. ეს არის იმ 300 ათასი ადამიანის გამარჯვებას, რომელმაც ხელი მოაწერა ოპოზიციის პეტიციას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე. ჩვენ პარტიული ინტერესის გამო, არანაირი უფლება არ გვაქვს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი საზოგადოების წარმატება. მიუხედავად იმ ცალკეული პრობლემებისა, რომელსაც მკაფიოდ ვხედავთ წარმოდგენილ კანონპროექტში, მაგალითად, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით, ბლოკების აკრძალვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმ რთული მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობს თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით მაგალითად, პარტიების დაფინანსების წესზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობაზე, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, მინდა, განვაცხადო, რომ „ევროპული საქართველო“ უფრთხილდება და აფასებს საზოგადოების დიდ მიღწევას. საპარლამენტო კენჭისყრის დროს წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეყოლება 20 მომხრე „ევროპული უმრავლესობის“ წევრი დეპუტატებისგან“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.