„ევროპული საქართველო“ პარლამენტში RMG GOLD-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში RMG GOLD-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში RMG GOLD-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარტიის წევრები არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხვდებიან.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა აღნიშნა, ისინი შეხვედრაზე არგუმენტებს წარადგენენ.

მისი თქმით, RMG GOLD-ის საქმიანობის შედეგად არაერთ ძეგლს ემუქრება საფრთხე, მათ შორის დიდია გარემოს დაბინძურების რისკი.

„წლების განმავლობაში დანგრეულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საყდრისი, ასევე გრძელდება გარემოს დაბინძურება და ვერ ხერხდება ამის შეჩერება. ამის ფონზე RMG GOLD კვლავ მოითხოვს გაფართოებას და ჩვენ ვიცით, რომ საფრთხე ემუქრება ხულუტის ციხეს, ასევე ფიტარეთის მონასტერს, მიმდებარე გარემოს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ამას მოითხოვს სახალხო დამცველიც“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ამასთან, მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია სახალხო დამცველის ანგარიშში არის საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული მოვლენები უნდა იქნას გამოძიებული და პარლამენტი ამას არ აკეთებს.

„პარლამენტის ღირსების საქმეა, რომ გამოძიებული იყოს RMG GOLD-ისა და ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. ერთი თვის წინაა შეტანილი აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში. აქ არიან ორგანიზაციები, რომლებიც წლებია ითხოვენ კომისიის შექმნას და თვალყურს ადევნებენ ამ მოვლენებს“,  – განაცხადა რატიანმა.