„ევროპული საქართველო“ „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის“ რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას ითხოვს. დადგენილება იურიდიულ კომიტეტზე მთავარი პროკურორის გამოკითხვასაც ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მთავარ საგამოძიებო უწყებას არ აღუძრავს საქმე რუსეთის ფედერაციის არც ერთ მოქალაქეზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობაში.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დადგენილება მივიღოთ პარლამენტში, დავარეგისტრიროთ დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურორს მოუწევს პარლამენტში მოსვლა და პასუხის გაცემა კითხვაზე – რატომ არ არის საქმე დაწყებული არც ერთ იმ მიმართულებით, რომელიც გამოიწვევს ბრალის წაყენებას ერთის მხრივ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საოკუპაციო ძალებში ვინც მსახურობენ და მეორეს მხრივ, იმ ადამიანებისთვის, ვინც ვიცით, რომ ფიგურირებდა მაგალითად ოთხოზორიას მკვლელობაში ან მაგალითად ვიცით, ფიგურირებდა გალში სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციაში ასევე განმარტავენ, რომ დადგენილების მიზანია, დაფიქსირდეს პარლამენტის შეშფოთება მთავრობის არაეფექტური მუშაობის გამო და მოუწოდოს მას, გააფართოვოს და გაააქტიუროს ღონისძიებები ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუციის აღსრულების მიზნით.

დადგენილების პროექტს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ხვალ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.