„ევროპული საქართველო“ მცხეთა-მთიანეთის ოლქში ბექა ნათელაშვილს უჭერს მხარს
„ევროპული საქართველო“ მცხეთა-მთიანეთის ოლქში ბექა ნათელაშვილს უჭერს მხარს

აღარ ვაყენებთ პარტიულ კანდიდატს, გადაწყვეტილება მივიღეთ, მცხეთა-მთიანეთის ოლქში „ლეიბორისტული“ პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, – ამი შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყევეტილება პარტიამ იმის გამო მიიღო, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში, სადაც ისედაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ხმები არ გაიყოს და ამით „ქართულმა ოცნებამ“ არ „იხეიროს“.

„ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, ოპოზიციის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ევროპულმა საქართველომ“ არაერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთვის მთავარია სწორედ არჩევნების მოგება და არა ვიწროპარტიული ინტერესები. სწორედ ამიტომ, ამ ოლქში, მცხეთა-მთიანეთში, სადაც ისედაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ჩვენ აღარ ვაყენებთ პარტიულ კანდიდატს, რათა არ მოხდეს ხმების გაყოფა და ამით არ იხეიროს „ქართულმა ოცნებამ“. გადაწყვეტილება მივიღეთ, მხარი დავუჭიროთ ამ ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც თავად მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბექა ნათელაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით სახელისუფლებო კანდიდატების დამარცხების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.

„მცხეთა-მთიანეთში „ევროპულმა საქართველომ“ გამომიცხადა მხარდაჭერა და ეს რა თქმა უნდა, არის დასაფასებელი. ამით უფრო იზრდება სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსები აქ. ვიბრძოლებ აქაური ადამიანების ინტერესებისთვის. ყველა ადამიანთან მივალ და ვეტყვი, რომ სოფლების დაცლა, ქვეყნიდან წასვლა გამოსავალი არ არის და ყველა ერთად მომავლის შექმნას უნდა ვეცადოთ“, – განაცხადა ბექა ნათელსვილმა.