„ევროპული საქართველო“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შეთანხმდნენ, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან
„ევროპული საქართველო“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შეთანხმდნენ, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან

სამი ოპოზიციური პარტია, „ევროპული საქართველო“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისში ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან, მაჟორიტარულ ოლქებს გადაინაწილებენ და ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 2 ოქტომბერს განსაკუთრებული არჩევნებია, რომელიც არსებითად რეფერენდუმია.

„ჩვენ ვართ განსაკუთრებულ არჩევნებში. არჩევნებში, რომელიც არსებითად არის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ჩვენ ოპოზიცია ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ მოსახლეობას არა მხოლოდ ის ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არის მართლაც ძალიან საშიში ამ ქვეყნისთვის, არამედ ისეთი არჩევანი შევთავაზოთ, რომელიც მათ რწმენას გაუჩენს, რომ ოპოზიცია, ეს არის წინგადაგმული ნაბიჯი. ამიტომ, ჩვენ კოალიციური შეთავაზების ფარგლებში შევთანხმდით, რომ თბილისში სამი პარტია შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები უმნიშვნელოვანესია და ეს არჩევნები საბოლოო ჯამში წყვეტს ბევრ რამეს.

„ამ არჩევნებზე წყდება ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი. დღეს ოპოზიციას აქვს უნარი, შეთანხმების გზით იაროს. შევთანხმდით, რომ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებთ და ერთმანეთის კანდიდატებს დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, აღნიშნულ კანდიდატებს მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“.

„კვირას ვაპირებთ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები წარვადგინოთ სამივე პარტიამ შეჯერებულად. ამ კანდიდატებს მხარს უჭერს „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ბოკერიამ.