„ევროპული საქართველო“ „ოთხოზორიას სიის“ შედგენას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ „ოთხოზორიას სიის“ შედგენას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა ე.წ. ოთხოზორიას სიის შედგენას ითხოვს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა აზრით, სიაში უნდა მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ან ხელს აფარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს.

ამ ინიციატივით საპარლამენტო უმცირესობა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

უმცირესობის წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ტატუნაშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა, საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა, ამ ფაქტს კი ქართულმა სახელმწიფომ მკაცრი პასუხი უნდა გასცეს.

„გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო სასტიკი მკვლელობა. რეაგირების ერთ-ერთი ფორმა ჩვენ დღეს შევთავაზეთ ხელისუფლებას. ევროპულმა საქართველომ წარმოადგინა ინიციატივა და ჩვენ ამას იურიდიულად მალე გავაფორმებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას ე.წ. ოთხოზორიას სია, რომელშიც შეიყვანს იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ არიან დამნაშავეები და ვინც ფარავენ ასეთი ტიპის დანაშაულებს. იქნება ეს გიგა ოთხოზორიას შემთხვევა, არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა თუ სხვა ასეთი ტიპის დანაშაულებები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

უმცირესობის წევრი განმარტავს, რომ ამგვარი სიის მთავარი დანიშნულება ჩამონათვალში მოხვედრილ ადამიანებზე სანქციების დაწესება უნდა იყოს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ისე, საერთაშორისო სივრცეში .

„ამოცანა ასეთი სიის შექმნის უნდა იყოს ორი – პირველი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ამ ადამიანებზე გაავრცელონ სანქციები, მათ შორის სამოგზაურო კუთხით და მეორე, ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებისთვის გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს, მათ შორის, იქნება ეს სამედიცინო მომსახურება თუ სხვა, მეორე ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ შეღავათებით ამ ადამიანებმა არავითარ შემთხვევაში არ ისარგებლონ. იმედი მაქვს და მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რომ პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საკითხს, გადადოს გვერდით პოლიტიკური ინტერესები, ამ სიაზე მუშაობაზე დროულად გამოთქვას სურვილი და დროულად დავიწყოთ ამ სიის შედგენა“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ პირველ არხთან საუბრისას.