„ევროპული საქართველო“ დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შედის ინიციატივით, რომ ვიდრე არ მოხდება პარტიის წარმომადგენლების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული მოდელის განხილვა, დაგროვებითი პენსიის სისტემა შეჩერდეს.

როგორც “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სისტემის ბევრი დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია.

მისივე თქმით, ჯერ არ არის გარკვეული, სად უნდა დაბანდდეს საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხები.

„არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. გაუგებარია მოდელის სხვა დეტალებიც. ვითხოვთ, რომ პარლამენტმა სერიოზულად განიხილოს „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი. ამ მოდელის მიხედვით, ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში; ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის;  დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა. „ევროპული საქართველოს“ დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500-ლარიანი ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს.

„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.