„ევროპული საქართველო“ 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტისგან მოისმენს
„ევროპული საქართველო“ 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტისგან მოისმენს

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დღეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მოისმენს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები 2018 წლის ბიუჯეტს უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ბიუჯეტის შესრულება არასწორად ხდება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა.

„ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ბიუჯეტი აქცია დიდ შავ ხვრელად, საიდანაც უზარმაზარი თანხები ისე, რომ გაუმჭირვალეა და ვერ ვხედავთ, ასობით მილიონი ლარი, მიედინება „ქართული ოცნების“ აქტივზე ადგილობრივი სიპებისა და აიპების მეშვეობით. პრაქტიკულდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ თავის კეთილდღეობას აგებს ხალხის გაღარიბების და ხალხის გაჭირვების ხარჯზე. მათ უნდა უთხრან ხალხს, რა თანხა მიაქვს „ქართულ ოცნებას“ ჯიბეში და რა თანხას აკლებს ის ქვეყნის კეთილდღეობას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საბიუჯეტო პარამეტრების განხორციელებას საკანონმდებლო ორგანო დიდ ყურადღებას უთმობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული აქცენტი განათლების სექტორზე და რეგიონებზე გაკეთდება.

„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საბიუჯეტო პროცესს და ვადევნებთ თვალს საბიუჯეტო პარამეტრების განხორციელებას. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით იქნება მსჯელობა ახლაც. ჩვენ ვნახავთ თითოეულ პროგრამულ მიმართულებას. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონები. ასევე საყურადღებოა განათლების სექტორი, ჯანდაცვა და სოციალური სფერო. აქ მნიშვნელოვანია შემდეგში აუდიტორული შემოწმების დასკვნებიც ეფექტიანობასთან დაკავშირებით და ჩვენ ამასაც დიდი ყურადღებით მოვეკიდებით.

რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ის დასკვნები, რომელიც ამ წლის ბიუჯეტის ხარჯვაში გამოჩნდება და დავინახავთ საპარლამენტო განხილვების შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული. 2020 წლის ბიუჯეტში როგორც იცით, მნიშვნელოვანი აქცენტი დაეთმობა განათლების სექტორს, ასევე რეგიონების კიდევ უფრო მეტი რესურსების გადანაწილებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.