ევროპული სახელმწიფოები ირანის ბირთვული შეთანხმების წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებელი შეხვედრისკენ მოუწოდებენ
ევროპული სახელმწიფოები ირანის ბირთვული შეთანხმების წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებელი შეხვედრისკენ მოუწოდებენ

ევროპული სახელმწიფოები ირანის ბირთვული შეთანხმების წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებელი შეხვედრისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ევროკავშირის პირველი დიპლომატების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ირანმა „ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა, სწორედ ამიტომ ოფიციალური თეირანი ახლა მისი სურვილის შესაბამისად უნდა მოიქცეს და გეგმის ყველა პირობა შეფერხების გარეშე შეასრულოს.

საქმე ეხება 2015 წელს ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ირანის ისლამურ რესპუბლიკას გარკვეული ვალდებულებები ეკისრებოდა, თუმცა შვიდ ივლისს ოფიციალურმა თეირანმა დაკისრებული ვალდებულებების შემცირების შესახებ განაცხადა. კერძოდ ურანის გამდიდრების მაჩვენებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 3,67 პროცენტზე მაღლა, საჭირო დონეზე გაზარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურმა თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა და მალევე ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.