ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნა – კვლავ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პირდაპირი ან ირიბი დახმარება

01:13, 17.10.2026

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის პირდაპირი ან ირიბი დახმარება.

„ევროპული საბჭო კვლავ მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთისთვის  ნებისმიერი დახმარება, პირდაპირი თუ ირიბი, განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონლისა და კომპონენტების მიწოდების გზით“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნაში.

დასკვნაში ლიდერები გმობენ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების განლაგებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ასევე იმ სამხედრო მხარდაჭერას, რომელსაც რუსეთი ირანისგან, ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეისგან იღებს.

ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო უკრაინას სრულ მხარდაჭერას უდასტურებს და გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სისტემებზე, საავადმყოფოებსა და სასწავლო დაწესებულებებზე.

ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, ლიდერები უკრაინის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებისა და ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

ევროპული საბჭო უარყოფითად აფასებს აშშ-ის გადაწყვეტილებას, დროებით მოხსნას სანქციები რუსულ დიზელზე. ევროკავშირი რუსეთს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს, აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს, ხოლო უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა გარანტირებული უნდა იყოს“, – აღნიშნულია დასკვნაში.

მსგავსი