ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს დასკვნები თავდაცვის შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ფინანსური და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას
ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს დასკვნები თავდაცვის შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ფინანსური და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას

ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე ლიდერებმა მიიღეს დასკვნები ევროპული თავდაცვის შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი ფინანსური და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროპა უნდა გახდეს უფრო სუვერენული, მეტად პასუხისმგებლიანი საკუთარ თავდაცვაზე და უკეთ აღჭურვილი, რათა იმოქმედოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ გამოწვევებსა და საფრთხეებს 360-გრადუსიანი მიდგომით“.

ევროპული საბჭოს შეფასებით, „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის ცვალებად გარემოში წარმოადგენს ეგზისტენციალურ გამოწვევას ევროკავშირისთვის“.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, გაააქტიუროს მუშაობა თავდაცვის ბიუჯეტების გასაზრდელად და წარმოადგინოს ახალი წინადადებები. კერძოდ, ევროკომისიამ დააანონსა წინადადება 150 მილიარდ ევრომდე სესხის გამოყოფის შესახებ წევრი ქვეყნებისთვის, რაც ევროკავშირის ბიუჯეტით იქნება უზრუნველყოფილი.

დასკვნაში ხაზგასმულია, რომ „ევროკავშირი დააჩქარებს საჭირო ინსტრუმენტებისა და დაფინანსების მობილიზაციას, რათა გააძლიეროს ევროკავშირის უსაფრთხოება და მოქალაქეთა დაცვა“. ამ მიზნით, ევროკავშირი „გააძლიერებს თავდაცვისთვის მზადყოფნას, შეამცირებს სტრატეგიულ დამოკიდებულებებს, აღმოფხვრის შესაძლებლობების კრიტიკულ ხარვეზებს და, შესაბამისად, გააძლიერებს ევროპულ თავდაცვით ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზას“.

ევროპულმა საბჭომ გამოყო თავდაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, საარტილერიო სისტემებს, მათ შორის შორი მანძილის დაზუსტებული დარტყმის შესაძლებლობებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას, უპილოტო საფრენ აპარატებს, ანტიდრონულ სისტემებს, სტრატეგიულ საშუალებებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით, სამხედრო მობილურობას, კიბერუსაფრთხოებას, ხელოვნურ ინტელექტს და ელექტრონულ ომს. ევროპული საბჭო უსვამს ხაზს, რომ „ევროკავშირის ყველა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრის დაცვა ხელს უწყობს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რაც შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარს, რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან არსებული საფრთხეების გათვალისწინებით“.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ „უფრო ძლიერი და უფრო შესაძლებლობიანი ევროკავშირი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში დადებითად შეუწყობს ხელს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ავსებს ნატო-ს, რომელიც რჩება კოლექტიური თავდაცვის საფუძვლად იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მისი წევრები არიან“.