ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა გააგრძელებს „კოვიდ-19“-ის პირობებში საქართველოს ძლიერი სოლიდარობა აჩვენოს.

„კოვიდ 19“-ის პირობებში ევროპამ აჩვენა და ისევ გააგრძელებს, დაანახოს საქართველოს მისი ძლიერი სოლიდარობა. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა. ახლა ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი „კოვაქს“ პროგრამის მთავარი დონორია, რისი წყალობითაც იმედი მაქვს, ამ ქვეყანაშიც იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად.

ევროკავშირის დახმარება უფრო დიდია და უფრო ფართო, ვიდრე „კოვიდი“. მთლიანობაში, დაახლოებით 800 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან ეს არის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი ხელმძღვანელიც მახლავს ვიზიტისას, რათა უკეთ განვიხილოთ, როგორ შეიძლება, დახმარება განახორციელოს. ამ სფეროში 2007 წლიდან დაახლოებით 1,8 მილიარდი იყო ჩადებული“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

​ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.