ევროპული საბჭო - ვგმობთ რუსეთის უკანონო, პროვოკაციულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ევროკავშირის, მისი წევრების წინააღმდეგ და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ
ევროპული საბჭო ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, ევროპულ საბჭოს ჰქონდა სტრატეგიული დებატები რუსეთთან დაკავშირებით.
„საბჭო გმობს რუსეთის უკანონო, პროვოკაციულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ევროკავშირის, მისი წევრების წინააღმდეგ და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ის ადასტურებს ევროკავშირის ერთიანობასა და სოლიდარობას ამგვარი ქმედებების წინაშე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი მხარდაჭერას“, – ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.
ევროპული საბჭო სოლიდარობას უცხადებს ჩეხეთს და მხარს უჭერს მის რეაგირებას. ასევე, საბჭო მიმართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას, 2021 წლის სამიტამდე წარადგინოს ანგარიში ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების პოლიტიკის ვარიანტებთან დაკავშირებით.
ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს თანამოაზრე-პარტნიორებთან კოორდინაციას.