ევროპული საბჭო უკრაინასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს - ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ევროპული საბჭო შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი კვლავ „მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.
დასკვნას მხარი დაუჭირა ევროკავშირის 26-მა სახელმწიფოს მეთაურმა. საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს „ფართო გავლენა აქვს ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე“ და მიესალმა ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია „ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ ხუთი ძირითადი პრინციპი განსაზღვრა: „უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები უკრაინაზე“, – წერია დოკუმენტში და ასევე აღნიშნულია, რომ „ევროპის ჩართულობის გარეშე არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ უსაფრთხოებაზე“. საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ „ნებისმიერი ზავი ან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესის ფარგლებში“ და რომ ასეთი შეთანხმება უნდა „შეიცავდეს უსაფრთხოების მყარ და სანდო გარანტიებს უკრაინისთვის“.
ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გამოუყოფს, საიდანაც 12.5 მილიარდი ევრო იქნება უკრაინის ფონდიდან, ხოლო 18.1 მილიარდი ევრო – დიდი შვიდეულის ERA ინიციატივიდან, რომელიც დაფინანსდება რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით.
სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით ევროპული საბჭო მიესალმა წევრი სახელმწიფოების მზადყოფნას, „დაუყოვნებლივ გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდების, უკრაინული ბრიგადებისთვის აუცილებელი წვრთნისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით.
ევროპული საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ „თავდაცვის უნარის მქონე უკრაინა ნებისმიერი მომავალი უსაფრთხოების გარანტიების განუყოფელი ნაწილია“ და მზადაა, ხელი შეუწყოს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი გააძლიერებს უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“ და აღნიშნულია „უკრაინის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი ბედი, გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“.
ამასთან, ევროპული საბჭო მოუწოდებს კომისიას, სლოვაკეთსა და უკრაინას, გააძლიერონ ძალისხმევა გაზის ტრანზიტის საკითხის ეფექტური გადაწყვეტის მოსაძებნად.