ევროპული საბჭო „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დასმას გმობს და დაკავებული ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩის დაუყოვნებლივ ​გათავისუფლებას ითხოვს
ევროპული საბჭო „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დასმას გმობს და დაკავებული ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩის დაუყოვნებლივ ​გათავისუფლებას ითხოვს

ევროპული საბჭო ბელარუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის საბჭო მკაცრად გმობს „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დაშვებას, რაც საფრთხეს უქმნის ავიაციის უსაფრთხოებას. საბჭო ასევე გმობს ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტ რომან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას დაკავებას.

ევროკავშირის საბჭო დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას ითხოვს.

საბჭო მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, სასწრაფოდ გამოიძიოს ეს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი, ასევე სთავაზობს საბჭოს, რაც შეიძლება მალე შეადგინოს ფიზიკური და იურიდიული პირების სია სანქციების დასაწესებლად. საბჭო მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდის, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მოუწოდებს, გადაუდებლად წარადგინონ შესაბამისი ინიციატივა.

ევროკავშირის საბჭო ასევე მოუწოდებს ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდავებს, თავი შეიკავონ ბელარუსის თავზე ფრენისგან. ასევე მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის ასაკრძალად და მათთვის ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომის შესაზღუდად.

ევროკავშირის საბჭო სოლიდარობას უცხადებს ლატვიას ბელარუსიდან მისი დიპლომატების დაუსაბუთებელი გაძევების გამო.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსისთვის სანქციების დაწესების საკითხზე ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მსჯელობდნენ.

23 მაისს, მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს. ბელარუსელმა დისპეტჩერებმა ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეატყობინეს. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.