ევროპული საბჭო - ბუჩასა და სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა ევროპის ტერიტორიაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება, სამხედრო დანაშაულების ჩამდენები პასუხს აგებენ
ევროპულმა საბჭომ ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპული საბჭო მკაცრად გმობს სასტიკ ქმედებებს, რომლებიც ჩაიდინეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოკუპირებულ ქალაქში, რომლებიც ახლა გათავისუფლებულია.
„დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და მსხვერპლის შემზარავი სურათები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის სასტიკი და აგრესიული ომის ნამდვილ სახეს, რომელსაც აწარმოებს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა ევროპის ტერიტორიაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ ამ სისასტიკეებზე პასუხისმგებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რადგან ისინი ჩადენილია მაშინ, როცა რუსეთს ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი ჰქონდა და წარმოადგენენ ოკუპაციის შესახებ საერთაშორისო სამართალის სუბიექტებს.
„სამხედრო დანაშაულების და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენები, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ზომების მიღებას, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებას, რომელიც დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ისევე როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მთელი მსოფლიოსთვის ამ მძიმე საათებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და სასწრაფო აუცილებლობიდან გამომდინარე, გააგრძელებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი დაუყოვნებლივ და უპირობოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.