„ევროპული პერსპექტივა“ 5 წლის იუბილეს აუდიტორიის რეკორდული მაჩვენებლით ხვდება

12:00, 10.07.2026

მიმდინარე თვეში პროექტ „ევროპულ პერსპექტივას“ (A European Perspective) ციფრულ ჟურნალისტიკაში თანამშრომლობისა და ინოვაციების ხუთი წელი შეუსრულდა. ინიციატივა 2021 წლის ივლისში დაიწყო, როგორც მასალების გაცვლის ერთობლივი სარედაქციო ექსპერიმენტი, დღეს კი იგი ევროპულ ნიუსრუმებს შორის მრავალენოვანი, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ერთობლივი ინოვაციების წარმატებულ, გრძელვადიან მოდელს წარმოადგენს. ხუთი წლის თავზე პროექტს იმაზე მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე ოდესმე. პუბლიკაციის ახალი, ინტეგრირებული სისტემით წევრ მაუწყებლებს შეუძლიათ პარტნიორების მასალები უშუალოდ საკუთარ საინფორმაციო არხებში გამოაქვეყნონ. ამ სიახლემ შესანიშნავი შედეგი გამოიღო და ყოველთვიური ნახვების რაოდენობა თითქმის მილიონამდე გაზარდა.

„ამ პროექტის ფარგლებში ყოველი წელი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და წინსვლა იყო – დაწყებული საზოგადოებრივი მედიის ალგორითმითა და საინფორმაციო აგრეგატორით, დამთავრებული ერთობლივი რეპორტაჟებით. ამჯერად ჩვენს წარმატებას გამოქვეყნების ახალი, ინტეგრირებული სისტემა განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში პარტნიორები ამ მოდელზე ეტაპობრივად გადადიან, პირველმა შედეგებმა უკვე აჩვენა, რომ ყოველდღიური აუდიტორია გასამმაგდა, ხოლო თითოეული მასალის გავრცელების არეალი ათჯერ გაიზარდა“.

– აღნიშნავს „ევროპული პერსპექტივის“ სარედაქციო ხელმძღვანელი ალექსიან ლერუჟი.

„„ევროპული პერსპექტივა“ ზუსტად იმავე ხედვას ეფუძნება, რასაც თავად ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) – საზღვრებს მიღმა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ერთმანეთის უკეთ გაგებაში გვეხმარება. სამყაროში, სადაც გლობალური ახალი ამბები თითოეული ევროპელის ყოველდღიურობას განსაზღვრავს, ინფორმაციის ამგვარი გაცვლა უბრალოდ სასურველი შესაძლებლობა კი არა, სასიცოცხლო აუცილებლობაა. ამასთან, ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენს ურთიერთდაკავშირებულ გარემოში თანამშრომლობა კონკურენციის ახალი ფორმაა. დღეს საზოგადოებრივი მედიის ჟურნალისტები ერთიან ციფრულ პლატფორმაში მუშაობენ, სადაც მათ ყოველდღიურად 3 000-ზე მეტ მასალაზე აქვთ წვდომა. ეს ინიციატივა არა მხოლოდ აფართოებს თვალსაწიერს, არამედ ზოგადად მედიის წარმატებული მომავლის წინაპირობაა“.

– აცხადებს EBU-ს საინფორმაციო სტრატეგიის ხელმძღვანელი იუსტინა კურჩაბინსკა.

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი „ევროპულ პერსპექტივას” 2023 წლის მარტში შეუერთდა. ამავე წლის 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინპლატფორმამ  1tv.ge-მ ახალი ამბების რეალურ დროში გაცვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ამ სტრატეგიული ნაბიჯით ქართველ მომხმარებელს ევროპული ნიუსრუმების სანდო საინფორმაციო ნაკადებზე პირდაპირი წვდომა გაეხსნა, 1tv.ge-ს მიერ მომზადებული მასალები საქართველოს შესახებ კი პარტნიორი ევროპული ქვეყნების წამყვან ვებპორტალებზე გახდა ხელმისაწვდომი.

მსგავსი