ევროპული ნაკრებები ფიფა-ს კალენდრით უკმაყოფილოები არიან #1TVSPORT
უეფა-ში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენლებიდან 54-მა ახალი სანაკრებო კალენდრით უკმაყოფილება გამოხატა – ინფორმაცია სააგენტო AP-მა გაავრცელა.
სააგენტოს მტკიცებით, ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ, ეროვნული ასოციაციების წარმომადგენლებმა ოთხმატჩიანი სანაკრებო ფანჯარა გააკრიტიკეს. სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა გუნდებმა 10 დღეში 4 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს, მათ შორის, საქართველოს ნაკრებმა.
უეფა-ს 55 წევრი ასოციაციიდან ახალ სისტემას მხარი მხოლოდ აზერბაიჯანმა დაუჭირა. უეფა-ს ხელმძღვანელობა სანაკრებო ფანჯარასთან დაკავშირებულ წინადადებას ფიფა-ს წარუდგენს, რადგან სწორედ მან დაამტკიცა ოთხწლიანი პერიოდის (2030 წლის ჩათვლით) სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზა.
ფიფა-ში ადრეც აცხადებდნენ, რომ სანაკრებო პაუზების ოპტიმიზაცია სპორტს გლობალურ დონეზე წაადგება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სანაკრებო პაუზების გაერთიანების იდეა ხუთი წლის წინ წარმოადგინა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების გეგმის ნაწილი იყო. წინადადება საბოლოოდ უარყვეს, თუმცა სატურნირო კალენდარი არ შეიცვალა.