ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მესამე ევროპული თამაშები გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებიც მიიღებს, რომელიც ტურნირზე B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთის, ბელგიისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. A ჯგუფში ირლანდია, გერმანია, იტალია და პოლონეთი მოხვდნენ, С ჯგუფში კი დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა და რუმინეთი ითამაშებენ.

შვიდკაცა რაგბის ტურნირი კარკოვში 25-27 ივნისს გაიმართება. გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამეადგილოსნები კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით შეეცდებიან.

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობა: ნიკოლოზ რეხვიაშვილი („ყოჩები“), ბექა გელხვიძე („ლელო“), ირაკლი სიმსივე („აია“), სოსო მათიაშვილი („შავი ლომი“), სერგი ჩხაიძე („ყოჩები“), გიორგი ჭუაძე („აკადემია“), ლაშა ლომიძე („შავი ლომი“), გიორგი ფრუიძე („ბათუმი“), რომან მახათაძე („ლოკომოტივი“), გიორგი ჯობავა („ხვამლი“), გაგა ქევხიშვილი („ლელო“), ანზორ სიჭინავა („ბათუმი“), ლუკა სახელაშვილი („ლოკომოტივი“).

მწვრთნელები: გიორგი ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე.