„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას განცხადების შინაარსის შესახებ მედიიდან შეიტყვეს
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას განცხადების შინაარსის შესახებ მედიიდან შეიტყვეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გივი თარგამაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის აღებაზე მსჯელობს, აქციაზე, ჟურნალისტებისგან შეიტყო.

როგორც თარგამაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იმედი აქვს, რომ „ხელისუფლება ამაზე არ წავა“.

„აქ ვდგავარ და თქვენგან გავიგე პირველად, მაგრამ ბუნებრივია, ასეთი რამ ვინმემ აზრად თუ გაივლო, ის უბრალოდ ჩათვალეთ, რომ თავს იღუპავს. მაინც იმედს გამოვთქვამ, რომ ამაზე არ წავა ხელისუფლება, ვინაიდან ეს იქნება სწრაფი, მაგრამ ძალიან მძიმე დასასრული. მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ალბათ უნდა გამოირიცხოს“,- განაცხადა თარგამაძემ.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ი აღებას აპირებს, არ აქვს. მისი თქმით, ამის შესახებ ნიკა გვარამიას მიერ გამართულ ბრიფინგზე შეუიტყო.

„თუ ასეთი განზრახვა განხორციელდა, რა თქმა უნდა დავიცავთ „რუსთავი 2“-ს. მაგრამ იმედი მაქვს, არ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, ნიკა გვარამიას ბრიფინგიდან გავიგე“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივად აღებაზე მსჯელობს.

ნიკა გვარამიას უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე.