ევროპოლის ცნობით, კრიმინალები „კოვიდ-19“-ის ტესტების ყალბ პასუხებს ევროპის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე ყიდიან
ევროპოლის ცნობით, კრიმინალები „კოვიდ-19“-ის ტესტების ყალბ პასუხებს ევროპის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე ყიდიან

ევროპოლის ცნობით, კრიმინალები „კოვიდ-19“-ის ტესტების ყალბ პასუხებს ევროპის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე ყიდიან. როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, კორონავირუსის ტესტის პასუხის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები აღმოჩენილია საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთსა და ესპანეთში.

ევროპოლმა აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურებს „კოვიდ-19“-ის ტესტის პასუხს მოსთხოვენ.

დიდ ბრიტანეთში ტესტების ყალბი პასუხების გასხვისებაში ბრალდებული მამაკაცი იანვარში დააკავეს. ის პოლიციამ ლონდონის ლუტონის აეროპორტში აიყვანა.

საფრანგეთის შარლ დე გოლის აეროპორტში კი ნოემბერში დააკავეს ერთი ქალი და ექვსი მამაკაცი, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ტესტის ყალბი პასუხების გაყიდვას 150-დან 300 ევრომდე ცდილობდნენ. მათ ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ანალოგიურ დანაშაულში ეჭვმიტანილი აიყვანეს ესპანეთშიც. ის ყალბ დოკუმენტებს 40 ევროდ ყიდდა.