ევროპის ზღვები გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე სწრაფად თბება: მეცნიერები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ
ხმელთაშუა ზღვის სანაპირო / ფოტოს ავტორი: ვალერი ჰაჩე, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP)
ევროპის გარშემომდებარე ზღვები გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ბევრად სწრაფად თბება. კვლევითი ორგანიზაცია World Weather Attribution-ის მიერ აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ეს პროცესი ეკოსისტემებზე, სურსათის უსაფრთხოებასა და სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობაზე უარყოფითად მოქმედებს. მეცნიერების განცხადებით, ევროპის აკვატორიაში ზღვის ზედაპირის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა კლიმატის გლობალურ ცვლილებას პირდაპირ უკავშირდება.
ზაფხულის განმავლობაში საზღვაო სითბური ტალღები ირლანდიიდან ხმელთაშუა ზღვამდე დაფიქსირდა, ზოგ რეგიონში კი წყლის ზედაპირის ტემპერატურა ნორმას 6 გრადუსზე მეტით აჭარბებდა. ეკოლოგიური ზიანის ნიშნები უკვე რამდენიმე ქვეყანაში გამოიკვეთა. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში მეთევზეები რვაფეხების პოპულაციის მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ. პარალელურად, ზღვის ბინადრების სხვადასხვა სახეობამ შედარებით ცივი, ჩრდილოეთის წყლებისკენ იწყო გადაადგილება, რაც საკვებ ჯაჭვს, სანაპირო თევზჭერასა და აკვაკულტურას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ამასთან, შედეგები შესაძლოა ხმელეთზეც აისახოს. ზღვის ზედაპირის მაღალი ტემპერატურა სანაპირო ზონებში ტენიანობას ზრდის. ეს კი გაუსაძლისი სიცხეების რისკს საგრძნობლად ზრდის, რადგან ასეთ პირობებში ადამიანის ორგანიზმი ოფლის გამოყოფით გაგრილებას ვეღარ ახერხებს.
„ცურვისთვის შედარებით თბილი წყალი ცივი ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, შესაძლოა მიმზიდველად ჟღერდეს, თუმცა წყალქვეშ მიმდინარე პროცესები ბევრად საგანგაშოა. ზღვის ტემპერატურის მატებას იმ ეკოსისტემების სრულად შეცვლა შეუძლია, რომლებზეც სანაპირო დასახლებების სურსათით უზრუნველყოფა და შემოსავალია დამოკიდებული. ამავდროულად, ეს პროცესი ხმელეთზე დამანგრეველ, ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებს იწვევს“.
კლერ ბერჯინი, ირლანდიის მაინუტის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი
შვეიცარიის, შვედეთის, აშშ-ის, ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებმა შეისწავლეს, წელს დაფიქსირებული უჩვეულოდ თბილი წყლები დროებითი ანომალიაა თუ კლიმატის ცვლილების შედეგი. მათ ოთხი განსხვავებული სანაპირო რეგიონი გააანალიზეს და დათბობის ტენდენცია ოთხივეში დააფიქსირეს, რამაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში დათბობის ტემპი გლობალურ საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით ორჯერ აღემატება.
გავლენა ევროპაზე
კლიმატური მოდელების სიმულაციებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დათბობის ტენდენციის ძირითადი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, რასაც პირველ რიგში წიაღისეული საწვავის წვა განაპირობებს. კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ ტემპერატურის პირდაპირი მატება გამოიწვია: დაახლოებით 2 გრადუსით ხმელთაშუა ზღვაში, 1.4 გრადუსით ბისკაის ყურესა და პირინეის ნახევარკუნძულის აკვატორიაში, ხოლო 1.3 გრადუსით კელტების ზღვაში, რომელიც სამხრეთ ირლანდიას, სამხრეთ უელსსა და ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთს შორის მდებარეობს.
წლევანდელი საზღვაო სითბური ტალღა უპრეცედენტოა არა მხოლოდ ტემპერატურით, არამედ გეოგრაფიული მასშტაბითაც. მოდელის მიხედვით, 2026 წელს სითბური ტალღები ბისკაის ყურისა და პირინეის სანაპირო ზოლის 90 პროცენტს, ასევე დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის 80 პროცენტს მოიცავს. „ადამიანის საქმიანობით გამოწვეული 1.4-გრადუსიანი დათბობა რომ არა, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40 პროცენტი იქნებოდა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული 70 პროცენტი 9 პროცენტამდე შემცირდებოდა, ხოლო კელტების ზღვაში, კლიმატის ცვლილების გარეშე, 80-ის სანაცვლოდ 30 პროცენტი დაფიქსირდებოდა“, განმარტავენ ავტორები.
მკვლევართა პროგნოზით, მოსალოდნელი დათბობა იმ ზღვარს გადააჭარბებს, რომელთან ადაპტაციასაც ზღვის ბინადრები შეძლებენ. სწრაფმა დათბობამ შესაძლოა რამდენიმე საკვანძო სახეობის (მათ შორის ვირთევზას, სკუმბრიასა და ლობსტერის) თევზჭერის ინდუსტრიის კოლაფსი გამოიწვიოს.