ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა [ფოტო-ვიდეო]

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავის, მისი სახელობის დარბაზის საზეიმო გახსნისა და „ზურაბ ჟვანია – ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა თამარ კერძაიამ; საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა; ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა; გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ და ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძემ მიმართეს სიტყვით.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველი საზოგადოება იმ ღირებულებების და ხედვის ერთგულია, რაც ზურას ჰქონდა – დასავლური ღირებულებების, ქვეყნის განვითარების გზის ერთგული. სირთულეებისა და ძალიან მწვავე პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა გავივლით ამ გზას“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ.

ღონისძიებაზე მიმართვით წარდგა ასევე, ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბესარიონ ჟვანია.

საპატიო მიმართვებით ასევე წარდგნენ: პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია; ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ლანა ღოღობერიძე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „ზურაბ ჟვანია – ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები“ სერიიდან „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ წიგნის პრეზენტაციაც, რომლის გამოცემის იდეის ავტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაიაა, ხოლო წინასიტყვაობის ავტორი კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.

ღონისძიებაზე, ასევე სიტყვით წარდგნენ ევროპის უნივერსიტეტის European Horizons-ის აკადემიური ხელმძღვანელი ევროპის უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი თათია დოლიძე, European Horizons-ის პრეზიდენტი ევროპის უნივერსიტეტში, სტუდენტი, გიორგი ლოთიშვილი და European Horizons-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტი სარაბუ ვენკატა ნაგა მეგანა.

​ღონისძიება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის და ზურაბ ჟვანიას დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.

დატოვე კომენტარი