„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში (EU-GS)“ ფარგლებში, საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სახელმძღვანელო 2021 წლის ზაფხულში „ევროპის უნივერსიტეტის“ ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შექმნილი პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდა.

„სახელმძღვანელო მასწავლებლებს თეორიული და პრაქტიკული მასალისგან შემდგარ მეთოდიკას სასწავლო პროცესსა და ზოგადად, სკოლის ცხოვრებაში ევროპული ღირებულებებისა თუ სტანდარტების გასავრცელებლად სთავაზობს. EU-GS პროექტის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით დახმარებაა“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

პრეზენტაცია EU-GS პროექტის ხელმძღვანელმა თათია დოლიძემ და „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნეს და პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზენტაციის შემდგომ, ტრენინგები თემებზე – „სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სწავლების მეთოდიკის ოპტიმიზაცია“ და „სასკოლო კულტურის განვითარება“, თბილისის 14 საჯარო სკოლის 28 მასწავლებლისთვის გაიმართა, რომელსაც მარიამ კილანავა, ლელა აბდუშელიშვილი და გიორგი ლეკვეიშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგები კითხვა პასუხის რეჟიმში, მასწავლებლების სრული ჩართულობით ჩატარდა. ტრენინგები ასევე დაგეგმილია თელავის, ზუგდიდის, ახალქალაქისა და მარნეულის საჯარო სკოლებშიც.