ევროპის უნივერსიტეტს სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება სამი წლის ვადით შეეზღუდა
ევროპის უნივერსიტეტს სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება სამი წლის ვადით შეეზღუდა

ევროპის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით EU-ს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება სამი წლის ვადით შეეზღუდა.

“გაცნობებთ, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს ევროპის უნივერსიტეტს სამი წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა ახალი კონტიგენტის მიღება (უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე, საბჭოს მიერ აღნიშნული შეზღუდვა გადახედვას ერთ წელიწადში ექვემდებარება). ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას! შესაბამისად, აღნიშნული შემხებლობაში არ არის უნივერსიტეტში 2018 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებთან – ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას.

რაც შეეხება ევროპის უნივერსიტეტში 2018 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს, გთხოვთ აუცილებლად დაუკავშირდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ მიიღოთ დეტალური ინსტრუქცია ევროპის უნივერსიტეტიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამატებითი მობილობის წესით გადასვლის შესახებ.

ევროპის უნივერსიტეტი ბოდიშს გიხდით მოულოდნელად შექმნილი უხერხულობისთვის! მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ევროპის უნივერსიტეტისთვის 2018 წლის 20 აგვისტოს გახდა ცნობილი, ადმინისტრაცია დაელოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ განცხადებას.

გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ევროპის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას. გთხოვთ, ნუ დაეყრდნობით საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას”, – აღნიშნულია განცხადებაში.