„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები სწავლას აუდიტორიებში დაუბრუნდნენ
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები სწავლას აუდიტორიებში დაუბრუნდნენ

„ევროპის უნივერსიტეტში“ 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი აუდიტორიებში განახლდა.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, სწავლის განახლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდა.

„გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობის არჩევანის შესაბამისად „ევროპის უნივერსიტეტმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველკურსელებისთვის (მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიისა და ინფორმატიკის პროგრამების), ასევე დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დაცვით, პირველკურსელთათვის მიღების საღამო მოეწყო, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო“, – აღნიშნულია „ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციაში.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს დღეიდან საშუალება ეძლევათ, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.