„ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ

17:00, 28.10.2023

„ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვანის გათხრებში მონაწილეობენ.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, უნივერსიტეტის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა და ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვანზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 2023 წლის აგვისტოდან განაახლა.

აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან 17კმ-ის დაშორებით, ნიჩბისის თემში მდებარეობს.

ექსპედიციის ხელმძღვანელია „ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ნონეშვილი.

ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვნისა და ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევას 1980-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით.

2018 წლიდან, „ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა  და ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა აღადგინა სრულფასოვანი კვლევითი საქმიანობა.

2018–2022 წლებში სამაროვანზე გამოვლენილი და შესწავლილია 72 სამარხი. აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები დაცულია „ევროპის უნივერსიტეტის“ ისტორიულ-არქელოგიურ მუზეუმში.

„ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს მსგავს ექსპედიციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მუდმივად აქვთ.

ინფორმაციას „ევროპული უნივერსიტეტი“ ავრცელებს. 

მსგავსი